როგორ გვესახება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“

მომავალ არჩევნებთან მიმართებაში

(გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მეცნიერთა გუნდის მოსაზრებები)

 

„როგორი უნდა იყოს ახალი პოლიტიკური ცენტრი, როგორც მომავალი პარლამენტის პირველწყარო“, არის უშუალო გაგრძელება იმ საუბრებისა, რომელიც ორშაბათობითა და ოთხშაბათობით მიჰყავს ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს . ამიტომაც ბევრი რამ მასში პირდაპირ არის გადმოტანილი მისი გამოსვლებიდან, რომლებიც საერთოდ გამოირჩევა მაღალი სტანდარტებით, ობიექტურობით, სიმართლით. ეს ტექსტი არის ასევე გაგრძელება იმ ორ წიგნში გატარებული აზრებისა, რომელთაგან ერთს ჰქვია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსაკენ“ მეორეს კი „ახალი განზომილება“ /რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ!/,რომელიც 200 მდე მეცნიერმა შეიმუშავა და ბატონი თეიმურაზის თავკაცობით გამოვიდა. წინამდებარე ტექსტს ასევე დაედო საფუძვლად ჩემი სტატია:

„როგორი უნდა იყოს მომავლის პარლამენტი“, რომელიც გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა /და ესეც ცნობილია ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელიც საერთოდ კითხულობს წიგნსა და გაზეთს.

ქართველ მეცნიერთა იმ ჯგუფმა, რომელიც მოძრაობა „თეთრებთან“ არის დაკავშირებული, ზემოჩამოთვლილი მასალების გათვალისწინებით ჩამოაყალიბა ის პრინციპები, რომლის მიხედვითაც ახალ პარლამენტში არ და ვერ უნდა მოხვდნენ ის ადამიანები, რომელთა წარსულში, ანუ Background-ში არსებობენ შავი ლაქები და საჩოთირო მომენტები. ანუ ის ადამიანები, რომელთაც, ვთქვათ, ხელი მოაწერეს:

ა) კანონს მიწის გაყიდვის შესახებ იმდენად, რამდენადაც , თუ ვაჟა-ფშაველას ნათქვამს დავესესხებით, ქართული მიწა ჩვენი დედაა / აქედან „დედამიწა“/ და ის, ვინც თავის მიწას ჰყიდის, ფაქტიურად ჰყიდის საკუთარ დედას /სხვათაშორის, ჩვენს პარლამენტარებს არ აწყენდა იმ ნაწარმოების წაკითხვა, რომელშიც ეს აზრია გამოთქმული/.

ბ) მომავალ პარლამენტში არ და ვერ უნდა მოხვდნენ ისინი, რომლებიც თავად მიძვრებიან პარლამენტისაკენ და საამისოდ ყველა უზნეობაზე აწერენ ხელს, კერძოდ, მზად არიან უამრავი ფული გადაიხადონ იმისთვის, რომ პარლამენტში გასვლის შემთხვევაში ათმაგად და იქნებ უფრო მეტადაც ამოიღონ პარლამენტში მოხვედრისათვის „გაწეული ხარჯები“..

სამწუხაროდ, წარსულის მწარე გამოცდილება გვარწმუნებს, რომ არ უნდა ვენდოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ასევე

გ) ანტიდისკრიმინაციულ კანონს, ანუ კანონს, რომელიც მიმართულია ყველაფერი ეროვნულის წინააღმდეგ, კერძოდ, ეროვნული კულტურისა და ტრადიციების წინააღმდეგ,ეროვნული ღირსებისა და სიამაყის წინააღმდეგ. სამაგიეროდ აღიარებს აღვირახსნილ ლიბერალიზმს მისი დამახინჯებული გაგებთ.

დ) პარლამენტში არ და ვერ უნდა შევიდეს ის, ვინც მხარი დაუჭირა ეროვნებისა და მამის სახელის ამოღებას პასპორტის გრაფიდან

ე) ან ვინც ემხრობა საყოველთაო სავალდებულო ჩიპიზაციას, რაც მიგვაჩნია, უნდა იყოს ნებაყოფლობითი.

აქ მე პირდაპირ ვიმეორებ იმ დებულებებს, რომლებსაც აყალიბებს ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი თავის ორშაბათისა და ოთხშაბათის 4 საათის გამოსვლებში ფეისბუქტელევიზიაში.

ამ გამოსვლებს უდიდესი სიამოვნებითა და კმაყოფილებით უსმენენ ქართული საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც რეალურად აწუხებს ქვეყნის ბედი, ხვალინდელი საქართველო და მარტო თავის თავზე, თავის მატერიალურ კეთილდღეობაზე არ ფიქრობს.

ვაგრძელებ ჩამონათვალს:

ახალ პარლამენტში არ და ვერ უნდა მოხვდნენ ისინი

ვ) ვისაც სწორად მიაჩნია სახელმწიფოს რადიკალური სეკულარიზაცია, ანუ სახელმწიფოს სრული გამიჯვნა რელიგიისაგან. ის,რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ეკლესიის საქმეში, არ ნიშნავს, ადამიანებმა უარი უნდა თქვან რელიგიურ რწმენაზე. ვერავის დაავალებ – იყოს მორწმუნე, მაგრამ მორწმუნე, ღვთის მოშიში ადამიანი რომ უფრო ზნეობრივია, ვიდრე ათეისტი, ეს ფაქტია. აქ ალბათ არც ნიცშეს სიტყვების დავიწყება იქნება სწორი: „თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი დასაშვებია“ აქ „ყველაფერში“, უპირველესად, უზნეობა, თვითნებობა და აღვირახსნილობა იგულისხმება. მე, საბედნიეროდ, არ ვიცნიობ პარლამენტართა აბსოლუტურ უმრავლესობას, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მათი უმეტესობა ათეისტები არიან. ამაში მათი ქმედებები, მათი ქცევები, მათი სიტყვები მარწმუნებენ. სხვა შემთხვევაში ასე ბოღმიანები, შურიანები, ბოროტები არ იქნებიან. არც ერთმანეთს გაიმეტებდნენ ასეთი ლანძღვისა და შეურაცხყოფისთვის. აქ მე ოპოზიციასაც ვგულისხმობ და პოზიციასაც. ამ საქმეში ერთიმეორეს არცერთი არ ჩამორჩება. არადა, ისევ ამ ხალხს უნდა პარლამენტის შენარჩუნება, რაც ქვეყნის საბოლოო განადგურება იქნება.

ზ) ჩემი აზრით, მომავალ პარლამენში არ უნდა მოხვდნენ ისინი, ვინც საქართველოში გაუკუღმართებული განათლების რეფორმა ჩაატარა, ვინც იაკობ გოგებაშვილის გენიალური „დედაენა“ ამოიღო სწავლებიდან და ვინც „აი ია“ შეცვალა „აი მე“-თი.

თ) ვინც სიტყვა „მშობელი“ ზედმეტად მიიჩნია განათლების კანონში /ამაზე ვრცლად ილაპარაკა ბატონმა თეიმურაზ შაშიაშვილმა თავის ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში.

ი) ვინც პედაგოგიკა, როგორც აღზრდის შესახებ მეცნიერება, ამოაგდო სასწავლო დისციპლინიდან. ცნობილია, რომ ახალდაბადებული ადამიანის ნაშიერი ჯერ არა თუ პიროვნება არ არის, არამედ ადამიანიც კი არაა. როგორც ფილოსოფოსები ამბობენ, იგი ადამიანობის კანდიდატია მხოლოდ. ნამდვილ ადამიანად და მერე პიროვნებად იგი მხოლოდ აღზრდის გზით იქცევა. აღზრდის გარეშე ადამიანი ცხოველად რჩება მხოლოდ /ამის შესახებ საინტერესოდ წერს ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი საამაყო წევრი, ბატონი არნოლდ გეგეჭკორი წიგნში „აზროვნების სათავეებთან“/.

კ) ჩვენთვის საჩოთირო bekgraund-ად მიიჩნევა იმის მხარდაჭერაც, რომ „აღზრდის“ ცნება შეიცვალოს “განათლების“ ცნებით იმიტომ, რომ განათლებული მხოლოდ მცოდნეს, განსწავლულს, ნაკითხს ნიშნავს, „აღზრდილი“ განათლებულსაც ნიშნავს, ზნეობრივსაც, ღვთისნიერსაც და ეროვნულ პიროვნებასაც.

 

ქართველ მეცნიერთა ჩვენ ჯგუფს მიაჩნია, რომ ქართული ხელისუფლება და პარლამენტი უნდა დაკომპლექტდეს:

ა) უზადო რეპუტაციის, დინჯი და გაწონასწორებული, შინაგანი კულტურის, ანუ ადამიანებით „სავსე ქართული პატიოსნებით“.

ბ) მაღალი ეროვნული თვითშეგნების, ეროვნული სიამაყის გრძნობით აღვსილი ადამიანებით, ანუ ისეთი ადამიანებით, რომლებიც არ იმართებიან გარეშე ძალებით /ქვეყნისთვის სულერთია რომელი ძალები იგულისხმებიან მათში!/.

გ) იმ ადამიანებით, რომელთათვისაც მასულდგმულებული იქნება დიდი ილიას უკვდავი შეგონება: „მამული, ენა, სარწმუნოება“

დ) მაღალი ზნეობის, დიდი სულიერი ენერგიის მატარებელი ადამიანებით/.

ე) დიდი ცოდნისა და გამოცდილების მქონე, საქმიანი, უაღრესად კომპეტენტური, მაღალი კვალიფიკაციის ადამიანებით,

ვ) იმ ადამიანებით, რომელთათვისაც საკუთარი სამშობლო და ხალხი გაცილებით მეტია და ღირებული, ვიდრე საკუთარი თავი და საკუთარი ოჯახი.

ზ) იმ ადამიანებით, რომლებიც საზოგადოებისათვის კარგად არიან ცნობილნი თავიანთი სამეცნიერო წიგნებით, ახალი აღმოჩენებითა და გამოგონებებით, მხატვრული ნაწარმოებებით, ფერწერული თუ გრაფიკული ტილოებით, ქანდაკებებითა და სკულპტურებით, საფორტეპიანო, თუ საესტრადო ნაწარმოებებით, დადგმული კინოფილმებითა და თეატრალური სპექტაკლებით, შექმნილი ცეკვებითა და სიმღერებით, სამსახიობო ხელოვნებით, თუ ჟურნალისტური საქმიანობით, იურიდიული თუ საადვოკატო მოღვაწეობით, საექიმო თუ საინჟინრო მუშაობით. და საერთოდ ყველა იმ სიკეთით, რომლითაც ხალხში უდიდესი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობენ.

 

გასაგებია, რომ ამ სიყვარულისა და ავტორიტეტის მოპოვებას სათანადო დრო და გამოცდილება სჭირდება. შესაბამისად, სულაც არ არის აუცილებელი პარლამენტ-სა და ხელისუფლებაში „თინეიჯერის“ ასაკის გოგო-ბიჭებმა მოიყარონ თავი, თუნდაც ამ „თინეიჯერებს“ ჰარვარდსა და ოქსფორდში ჰქონდეთ უმაღლესი განათლება მიღებული.

. როგორც ამბობენ, ჭკუა თავშია და არა ასაკში./ბოლოსდაბოლოს, არც ჰარვარდი და ოქსფორდია პანაცეა,

ცხადია, არ არის გამორიცხული ახალგაზრდა ასაკის ადამიანი ჭკუით იყოს დაპენტილი, მაგრამ უფრო სწორია მცოდნე და გამოცდილ ადამიანებზე გაკეთდეს აქცენტი, თუნდაც ეს ადამიანი 60-70 წლის ასაკისა იყოს. პრაქტიკას, ცოდნასა და გამოცდილება მაინც თავისი განუმეორებელი ხიბლი ახლავს!

ძვირფასო მეგობრებო! „ახალ პოლიტიკურ ცენტრს“, ცხადია, ჰყავს თავისი კანდიდატურები, რომლებიც აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებისუმეტესობას, რომლებიც ზემოთ იყო ჩამოთვლილი, მაგრამ აქ მათ კონკრეტულ დასახელებას არ შევუდგებით /დავასახელებთ მხოლოდ ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს/. დანარჩენთა სიას მხოლოდ აზრთა ურთიერთშეჯერების და საეთო სახალხო განხილვის შემდეგ გამოვაქვეყნებთ და უმორჩილესად ვთხოვთ ქართულ ელექტორატს მათგან შეარჩიონ მომავალი პარლამენტის შემადგენლობა. დღევანდელმა პოზიციამაც და ოპოზიციამაც უკვე „ღირსეულად “ მოიხადა ვალი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და შეუძლია დაისვენოს.

 

ძვირფასო მეგობრებო!

შეიძლება ითქვას, სამშობლო განსაცდელშია! არსებითი გარდატეხა მის ცხოვრებაში მომავალმა არჩევნებმა უნდა მოახდინოს, მაგრამ, თუ ამ არჩევნებშიც რაღაც შეგვეშლება, თუ ზუსტად ვერ გავთვლით სწორსა და მრუდს, მცდარსა და მართალს, პატიოსანსა და უპატიოსნოს, თუ კვლავაც უზნეოთა ჯირითი გაიმართება საარჩევნო უბნებსა და საარჩევნო ყუთებთან, ეს გავეშებული პარლამენტარობის მაძიებელი ლეგიონები უეჭველად გადაგვთელავენ და მაშინ კი ვერც ქრისტე ღმერთი გვიშველის და ვერც ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობელი!

 

რეზო ბალანჩივაძე

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

კომენტარები