დღეს შემთხვევით ასეთ დიალოგს მოვკარი ყური:

მემორიალთან არ მიდიხარო? – ჰკითხა ერთმა მეომარმა მეორეს. მთავარია, 2 ივლისს ხომ ვიყავი ტამიშში და დღეს სად წავალ, რა მნიშვნელობა აქვსო…

არ ვიცი, განწყობა გადმომედო თუ რა, არც მე ვყოფილვარ მემორიალთან. მთავარია, 27 წელი გონებიდან არ იშლება 1993 წლის ივლისის დღეები და რა მნიშვნელობა აქვს, სად წავიკითხავ ჩვენი გმირების სახელებს, ჩემს მეხსიერებაში თუ მემორიალის კედელზე?..

არც საჯაროდ მინდოდა რამის გახსენება, დიდხანს ვითრიე ფეხი, მაგრამ რატომღაც მაინც ვწერ, ვწერ ერთი ბრძოლის ამბავს, რომელიც ტამიშის დესანტის განადგურების სახელით შევიდა ისტორიაში.

 

ღმერთმა ინება და ომიდან 21 წლის შემდეგ კვლავ მოვხვდი აფხაზეთში. “ტამიში” – ვიგრძენი, როგორ გამეყინა სისხლი სოფლის აღმნიშვნელი ტრაფარეტის წაკითხვისას. კვლავ ბრძოლის სუნი ასდიოდა იქაურობას. მეც კვლავ უმწეობა მკლავდა, ზუსტად ისეთივე უმწეობა, როგორიც მაშინ, 1993 წლის 2 ივლისის ღამეს.

 

ნაწყვეტები სტატიიდან “ომის სონატა”

 

… ღამდება, ვზივარ ხის ძირში და ვწერ. მიწის სუნი მომდის, იმ მიწისა, ასე უსირცხვილოდ რომ გვედავებიან. მე მეტი არაფერი შემიძლია და მწვანედ აბიბინებულ ბალახს ვეფერები. საშინელი გრძნობა მეუფლება, შიშის, მარტოობის… შემზარავად ყმუიან ძაღლები. ეს ზღვაც რამ გადარია მთელი დღეა?! შორიდან გაისმის აფეთქების ხმები, სოხუმს ბომბავენ. ყოველ ნახევარ საათში დაფრინავს თვითმფრინვი თბილისსა და სოხუმს შორის. აეროპორტი აქვეა, ისმის თვითმფრინავების გულსაკლავი წივილი. გუშინ ერთხელ გადმოფრინდა მხოლოდ, დღეს კი არ შეწყვეტილა ფრენა დღე-ღამის განმავლობაში. ალბათ, მეომრები ჩამოჰყავთ თბილისიდან.

 

ლაპარაკის ხმა შემომესმა. ყურს ვუგდებ. ჩვენები არიან. ძლივს ვარჩევ ნუგზარს (კახნიაშვილი, აწგანსვენებული) სიბნელეში. ნუკრი (ცუკოშვილი) სად არის-მეთქი? – უმალ ამას ვეკითხები. პაუზის შემდეგ მეუბნება, აქ არისო. სანამ ხელით არ ვეხები ნუკრის, არ მჯერა, რომ ცოცხალია. ერთიანად სველი არიან ბიჭები. 15 ბიჭი დაგვეჭრა, 10 მძიმედ არისო, ქანცგაწყვეტილები ლაპარაკობენ.

 

ღმერთმა უწყის, რა იქნება დილით. კარგი რომ არაა მოსალოდნელი, ამას ეს ღამეც მოწმობს. ალყაში თუ მოგვაქციეს, ტყეში ასვლა მოგვიხდებაო, ამბობს ზაზა მოზაიძე (აწგანსვენებული), თბილად ვიცვამ და გათენებას ველოდები.

 

დაბომბვა გრძელდება. ჯერჯერობით ორი ჭურვი გვაკმარეს. სავსე მთვარე დაგორავს ცაზე. მეც ვსარგებლობ და ვწერ მის შუქზე. ზაზა მამალაძე (აწგანსვენებული) მეკითხება, მთვარის სონატას ხომ არ წერო? მე ვპასუხობ, მთვარის შუქზე ომის სონატას ვწერ-მეთქი…

2 ივლისი. 1993 წელი.

 

… ძველ კინდღში დგანან ბატალიონები. აქედან ნაწილდებიან პოზიციებზე. მცირე საუზმე მოაქვთ. ვსაუზმობთ, კოცონთან ვშრებით და გზას ვაგრძელებთ. ერთ მწკრივად გვაწყობს ბატალიონის მეთაური, ლევან ასათიანი. თმას ვიკეცავ, სნაიპერმა არ შემამჩნიოს, ქალი რომ ვარ, ან ექიმი ვეგონები, ან ჟურნალისტი და მესვრის. წინ ვანო გრძელიშვილი მიდის, შემდეგ მე ვდგავარ მწკრივში. ჩემ უკან კი ნუკრი ცუკოშვილი მოდის. მებრძოლებს შორის დაშორება ხუთ-ხუთი მეტრია. მეშინია, ბატალიონის უფროსმა არ შემამჩნიოს და უკან არ დამაბრუნოს. აფხაზების ისე არ მეშინია, როგორც თქვენი მეთაურის-მეთქი, ბიჭებს ვეუბნები. გადავუხვიეთ რკინიგზაზე, ზურგში უნდა მოვექცეთ მოწინააღმდეგეს. რაც უფრო ვუახლოვდებით მათ, მით უფრო მიქარწყლდება შიში. როცა ამდენ თავგანწირულ მებრძოლს ვხედავ, საკუთარ სიცოცხლეზე ფიქრის მრცხვენია.

 

ვუახლოვდებით სოფელს, ლიანდაგის მარჯვენა მხარეს დაცარიელებული შენობებია. სათითაოდ ვზვერავთ მათ. მერე ოცეულებად ვიყოფით. ერთი ოცეული ადგილზე რჩება. დანარჩენები კი სვლას ვაგრძელებთ. როგორღაც უნდა გავცდეთ მტრის პოზიციებს და ზურგში უნდა დავარტყათ მას. ცეცხლი გახსნეს სოფელში. ლიანდაგებზე ვწვებით. ჩემს ადგილას გველი იწვა თურმე. შეშინებული ვხტები ფეხზე. ნუკრი მიყვირის, დაწექიო, მეც ვყვირი, გველია და როგორ დავწვე-მეთქი. ტყვიაზე უარესს რას გიზამსო, მეჩხუბება. ბოლოს ადგილს მითავისუფლებს ქვეწარმავლისგან, ვწვები. ტყვიები წუიან. თავზე გადაგვისისინა ჭურვმა. ნუკრი მეუბნება, აგვცდაო. სულგანაბული ვუსმენ ჭურვების სისინს, უკვე მეც ვხვდები, როდის გვცდება ხოლმე. დაბომბვის საშინელი ხმები ისმის.

 

რამდენიმე ფურცელი თან წამოვიღე. ჩასაფრებულები ვართ, ვიდრე ჩვენი არტილერიისაგან დაბომბვა მიდის. თან დაზვერვის ბიჭებს ველოდებით. ავტომატის კონდახზე მიწყვია ფურცლები და ვწერ. სნაიპერის ტყვიამ გადაიზუზუნა. ძალიან დაბალზე გადაიფრინა და ამით ვხვდებით, რომ სნაიპერისაა. მიხარია, გადავრჩი-მეთქი. მეომრები იცინიან, ეგ რა გადარჩენააო? ბატალიონში მეორე ”მალიშაც” ჰყავთ. შეხედავ და თვალს ვერ აუწვდენ. მიკვირს, ამასაც თუ მალიშა ჰქვია-მეთქი?!.. ჩემს გვერდით იყო ჩასაფრებული. ჰოდა, მალიშა (გია კაპანაძე) მეუბნება, ლექსი წაგვიკითხეო. მეც ვკითხულობ:

”თოვს, მარტმა ამინდი არია, შენ გავხარ ღვთისმშობელს, მარიამს…”

მოვრჩი ლექსს, ხმა არ ისმის. გვერდით მოვიხედე, ”მალიშა” გაპარულა. მინდვრის ყვავილები დაუკრეფია და მოდის. თაიგულს ფარაჯის ჯიბეში ვინახავ…

 

სოფელ ტამიშში ვართ. ვიშლებით ტერიტორიაზე. მე, ვანო და ნუკრი ჩასასაფრებელ ადგილს ვეძებთ. შორიდან ისვრიან. ტყვიები ჩვენ უკან დამწვარი სახლის კედლებს ხვდება. წინ ტყეა, სადაც არაფერი ჩანს. მზეც სასწაულად აჭერს. ტყემლის ხის უკან ვემალები მას და მოწინააღმდეგეს. ჩემს გასწვრივ მამუკა ტოგონიძე, ზურა ბიბილაშვილი და ნიკუშა თურმანაული წვანან (სამივე დაღუპულია). წამოსვლის წინ ახალაშლილი წვერი გაიპარსა ნიკუშამ. ხუმრობდა, აფხაზებს პატარა ბავშვი ვეგონები, შემიცოდებენ და არ მესვრიანო. მოწინააღმდეგის მოლოდინში ბვშვური სიფრთხილით აცეცებს თვალებს. ნიკუშ-მეთქი დავუძახე და თვალი ჩავუკარი. მანაც ჩამიკრა საპასუხოდ. ჯერ-ჯერობით მშვიდად ვართ. მეძლევა წერისა და ფიქრის საშუალება. ყოველ წუთს მიხდება საკუთარი თავისთვის იმის შთაგონება, რომ ახლა სულერთია სიკვდილ-სიცოცხლე. ხომ მაინც უნდა მოვკვდე ერთ დროს. აბა, ბიჭებმა რაღა უნდა თქვან, ყოველდღე რომ საბრძოლო ოპერაციებში არიან…

კვლავ იბომბება სოფელი. ჭურვი ეცემა შენობას. მოშავო კვამლით იფარება რკინიგზის მარცხენა მხარე. პირველსავე ქუჩაში ვჩერდებით. სათითაოდ ვამოწმებთ ყველა სახლს. ერთში ბიჭები ნახევრადშიშველ, ყელგამოჭრილ დედა-შვილს ნახულობენ. როგორც გავიგეთ, ქებურიები ყოფილან. ქებურიების ვაჟი გვარდიაში იბრძვის თურმე. მტერმა შური დასა და დედაზე იძია.

 

… ფეხის ხმა ესმის სარდაფში შეყუჟულ მოსახლეობას. ელოდებიან, როდის შეულეწავს კარს რუსი ჯარისკაცი, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ. რუსის ნაცვლად ქართველი აღებს კარს. ძლივს ვუყრით თავს დაპანიკებულ მოსახლეობას. გავდივართ, ვჩქარობთ, მტერი არ წამოგვეწიოს. ვერ იმორჩილებენ ბავშვები აცახცახებულ მუხლებს. მეომრები მხრებზე ისვამენ პატარებს. ტამიშის რკინიგზის სადგურთან ცეცხლს უხსნიან კოლონის ბოლო ნაწილს. ვშიშობ, სადაცაა თავსაც გადაგვიჭრიან, ალბათ ალყაში უნდა მოგვაქციონ. არც თავი მეფიქრება, არც – მეომრები. ამ პატარებზე ვდარდობ, დაწექითო, გაფრთხილებაც რომ არ სჭირდებათ და ელვის სისწრაფით წვებიან ლიანდაგებს შუა. როგორც იქნა, გამოვიარეთ ჯოჯოხეთური შვიდი კილომეტრი. მაშინ ვიგრძენი, რა ტკბილიც ყოფილა სიცოცხლე და ამ სიცოცხლის გაღება რა უბრალოდ შეძლებიათ იმ ბიჭებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეწირებიან აფხაზეთში.

4 ივლისი. 1993 წელი.

ზაირა მიქატაძე

კომენტარები