არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’ფემინა’’ ეხმაურება თამარ ივერის მიერ ახალგაზრდა ქალის, მარიამ ჯვართავას პირად ცხოვრებაში ჩარევის მცდელობას. მისი უფლებების დაცვის თხოვნით ორგანიზაციას თავად მარიამმა მომართა.

მარიამ ჯვართავას მშობლებმა დღეს ,,ფეიქსბუქის,, საშუალებით პირადი შეტყობინება მიიღეს, რომელშიც მომღერალი მათ ზრდასრულ შვილს სოციალურ ქსელში გამოხატვის ფორმების გამო კიცხავს. ივერი სირცხვილს, სიმახინჯეს და მანკიერებას უწოდებს გამოქვეყნებულ ვიდეოებს და უხეშად და ქედმაღლურად მოუწოდებს მშობლებს აკონტროლონ ქალის ცხოვრება. თამარ ივერი თავისი აქტივობის მოტივებს ბათუმში მეზობლობით და კეთილი სურვილებით ხსნის.

მარიამ ჯვართავა ლგბტქ თემის წარმომადგენელია და გავლენიანი ადამიანის მხრიდან მის პირად ცხოვრებაში ჩარევას, თან მშობლების მეშვეობით, განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამს.

თამარ ივერი პირველად არ გამოხატავს ზიზღს ლგბტქ თემის თუ ქალთა მიმართ. 2014 წელს ივერი ავსტრიალიის და ბრიუსელის საოპერო სცენებიდან ჰომოფობიის გამო დაითხოვეს. 2013 წელს ივერი მოძალადეების მეირ ლგბტ პრაიდის დევნას ,,ფეისბუქზე,, გამოეხმაურა, სადაც მოუწოდებდა დაელეწათ მათთვის ყბები, ლგბტქ ადამიანები კი განავალს შეადარა. ივერმა მაშინ ბოდიში მოიხადა და ყველაფერი თავის ქმარს დააბრალა.

წელს თამარ ივერმა პროვოკატორი უწოდა ასევე ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლეს და მხარდაჭერა ბასილაშვილისადმი გამოხატა.

‘’ფემინა’’ მოუწოდებს ქალბატონ თამარს, რომ თავი შეიკავოს საჯარო სივრცეში მისი გემოვნებისა და შეხედულებებისგან განსხვავებული ადამიანების დევნისა და შეურაცხყოფისგან. ვთხოვთ თამარ ივერს, ნუ გამოიყენებს თავის წარმატებას და ავტორიტეტს ადამიანის გამოხატვის თავისუფლების და მრავალფეროვნების წინააღმდეგ, ნურც ძალდობის მსხვერპლი ქალების უმალ დადანაშაულებისთვის.

ვიმედოვნებთ, ქალბატონი თამარი სამომავლოდ თავიდან აიცილებს, ნეგატიურად ჩაერიოს ადამიანთა პირად ცხოვრებაში, თავს შეიკავებს საზოგადოების გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წახალისებისგან და გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას ამ ყველაფერში, რაც მას , როგორც საჯარო პირს, ეკისრება.

კომენტარები