ჩემი მინისტრად დანიშვნის დღიდან, ყველა ისეთი შესყიდვა, რომელიც შეეხებოდა შეიარაღებას, პირდაპირ გადავიტანე მომწოდებლებზე, არავითარი შუამავალი, არავითარი „ოფშორული“ კომპანია – ამის არც ერთი ფაქტი არ ფიქსირდება მას შემდეგ, რაც მე მინისტრად მოვედი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

„ყველა შუამავალი კომპანიისთვის, სამინისტროს კარი დაკეტილია. ჩვენ პირდაპირ მომწოდებლებზე ვმუშაობთ. ასე მოხდა აშშ-ის შემთხვევაშიც. მადლობა ამერიკას, ჩვენს მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოს. 30 მილიონი დოლარი, რომელიც წლების განმავლობაში, 2007 წლიდან მოყოლებული, ამერიკაში ინახებოდა და სამწუხაროდ, არც წინამორბედებმა, ეს ფული არ გამოიყენეს და ჩვენ გამოვიყენეთ შეიარაღების შესასყიდად. ჩვენ გვექნება ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური საწვრთნელი ბაზა, რომელშიც 22 მილიონი დოლარი იხარჯება ამერიკის მთავრობის მიერ. აქედან 7 მილიონი დოლარი ჩვენი თანამონაწილეობაა. ჩვენ პირდაპირ ქარხნებსა და მომწოდებლებზე ვმუშაობთ, იქნება ეს ფორმები თუ გერმანული ფეხსაცმელი, მათი შესყიდვა პირდაპირ, უშუალოდ ქარხნებიდან ხდება. არავითარი შუამავლები, ტენდერები და გაუგებარი კორუფციული სქემები. რაც შეეხება შიდა ტენდერებს, ყველა ტენდერი აბსოლუტურად გამჭვირვალეა“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები