ოცდამეერთე საუკუნეში ძალიან მშიშარა ვარ!
ამ შიშს არაფერი ეშველება, ლაჩარი ვარ და მორჩა!
ადრე არ ვიყავი ასეთი მშიშარა: ვისიც მეშიანია,
მისი იარაღი არ მაქვს – აი, ასე მოხდა!

დედისმაგინებელი “მართლმადიდებლები”,
აპკამოკერილი “ქალწულები”,
უწიგნური “განათლებულები”,
უზნეო მორალისტები.

სამშობლოს მჭამელი “პატრიოტები”,
ერისთვის მებრძოლი ვაჭრები,
უკანალის მიმცემი “ვაჟკაცები”,
ინტერნეტში გულადი ლაჩრები.

სხვისი სახელით მოსაუბრე “გულწრფელები”,
ანონიმური “ბრძენები”,
წინაპართა ფოტოებთან ერთად
ბაზარში ნაყიდი გენები.

ნამუსგარეცხილი “წმინდანები”,
ყველა მათზე ძლიერთან “მართლები”,
სისხლსმოწყურებული დედები
და სისხლისმსმელთან დანთებული სანთლები.

გენიად წოდებული უნიჭობა
და უნიჭოდ წოდებული გენია,
სინათლედ წოდებული სიბნელე,
თვისებად წოდებული შიზოფრენია.

გიორგად წოდებული ჟორა,
კაცის შეფასება – ეროვნება.
სამარცხვინოდ აღიარებული ღირსება
და სხვისგან ნასესხები გემოვნება

და ჩემი სილაჩრე როდის დაიწყო?
ამის გახსენებაც არ მინდა!
როცა ამ სიტყვების უმრავლესობას
ბრჭყალებში ჩასმა დასჭირდა…

მსახიობი – ზურა პირველი

ფოტოგრაფი – კაროლინა ნოვაჩიკ

კომენტარები