აჩიკო, იცი?..

(ვუძღვნი ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს…დღეს 57 წლის გახდებოდა)

 

აჩიკო, იცი? ამ გაზაფხულზე

რაღაც სხვაგვარად შრიალებს ვერხვი…

ნატვრაზე, გულში გადანახულზე

მეჩურჩულება, მაგრამ მე ვერ ვხსნი-

 

რად მარწევს მისგან მოსული სიო?..

ალბათ, სურს მშვიდად დავხუჭო თვალი,

სიზმრის სუდარა შემოვიხვიო

და შენ გესტუმრო ,,უცნობი” ქალი…

 

შენ-ახალგაზრდა…მე კი, აჩრდილი,

იმ გოგონასი, შენ რომ გიყვარდა…

განსაცდელისგან ბევრჯერ დაცდილი,

რისთვის მოვიდე, მიცნობ კი, განა?..

 

შენ-ახალგაზრდა…მე- დედაკაცი,

ათასი ტვირთით და ფრთებით მერცხლის

რამდენი გზა მაქვს კვლავ დასაკეცი,

ცხრაკლიტულს კიდევ რამდენ კარს შევხსნი?..

 

აჩიკო, იცი? სხვაგვარი დროა,

უცხო ფერებით მოდის აპრილი…

ჩემი ოცნებაც ისევ მარტოა

ვარდის ფურცლებად გზებზე დაყრილი…

 

და მე ვთრთი…მესმის ჩურჩული ვერხვის

ნატვრაზე, ახლად გარდასახულზე…

როგორ მაკლიხარ, სიტყვებით ვერ ვხსნი,

როგორ მჭირდები ამ გაზაფხულზე…

ხათუნა <3

კომენტარები